საქართველოს თასი „გაგრამ“ მოიგო
საქართველოს თასი „გაგრამ“ მოიგო

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ საქართველოს თასის მფლობელია. ეს გუნდმა თავის ისტორიაში მეორედ მოახერხა. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ეს ფინალი ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, რადგან საპატიო პრიზისთვის პირველად იბრძოდნენ მხოლოდ რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლები.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა. მეტოქეებმა მეტისმეტად ფრთხილად ითამაშეს. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, მაგრამ ტემპი დაბალი იყო და გუნდებმა რეალური საგოლე მომენტი ვერც შექმნეს, შესვენებაზე კი უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ტაიმი „სამგურალისთვის“ ძალიან ცუდად დაიწყო. 55-ე წუთზე, „გაგრას“ თავდამსხმელი თამაზ მაქაცარია მეტოქის კარისკენ დაიძრა, როდესაც წყალტუბოელთა კაპიტანმა თედო კიკაბიძემ ხელი ჰკრა და მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა პირდაპირ წითელი ბარათი აუფრიალა. მსაჯის მოქმედებამ იმერული გუნდის წარმომადგენლები კიდევ უფრო გააბრაზა, 58-ე წუთძე საჯარიმოში შეჭრილ და მცველთა ბრძოლაში წაქცეულ სერგო კუხიანიძეს ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის რომ აჩვენა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი ამის შემდეგ შეიქმნა. 69-ე წუთზე, წყალტუბოელთა მეკარე კახა მეშველიანს საკუთარ საჯარიმოში ბურთი გაუვარდა და კარში ბაქარ ლაღაძემ დაარტყა. მართალია, ლევან ქურდაძემ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ „გაგრამ“ შეტევა განაგრძო და დარტყმის მეორე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ლაღაძეს შანსი 71-ე წუთზეც ჰქონდა და კვლავ ვერ ისარგებლა.

მსაჯთან პრეტენზია „გაგრასაც“ ჰქონდა – 90+2-ე წუთზე ბურთისთვის ბრძოლა მიხეილ ერგემლიძემ მოიგო, კარში დაარტყა და წყალტუბოელთა მცველმა ლევან ქურდაძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. მაგრამ ეს არბიტრმა ვერ შენიშნა და თამაში განაგრძო. მე-100 წუთზე დემურ ჩიხლაძის შორეული გადაცემის შემდეგ „გაგრა“ გადარჩა – ბურთმა კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. 105-ე წუთზე „მაკრატელათი“ სცადა გატანა „გაგრას“ თავდამსხმელმა თამაზ მაქაცარიამ და მიზანმა მასაც უმტყუნა.

საბოლოოდ, საქართველოს თასის ფინალის ძირითადი და დამატებული დრო უგოლოდ მეხუთედ დასრულდა, ხოლო ისტორიაში მერვედ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა.

ყველა დარტყმა ზუსტი იყო, სანამ ბურთთან „სამგურალის“ ლეგიონერი ისუფ ტურე არ მივიდა – 20 წლის კოტ-დივუარელმა ნახევარმცველმა კარს ააცილა, რაც ამ სერიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამის მერე ყველა მოთამაშემ თავისი შანსი გამოიყენა. გადამწყვეტი დარტყმა „გაგრას“ თავდამსხმელმა, მიხეილ ერგემლიძემ შეასრულა, გაიტანა და „გაგრას“ საქართველოს თასი მეორედ მოუპოვა – ეს გუნდი მომავალ წელს უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენცის ლიგაზე ითამაშებს.

04.12. 2020. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე არენა“

გაგრა-სამგურალი 0:0

5:3 – პენალტების სერიაში

პენალტების სერია: 1:0 ვასილ ხოსიტაშვილი, 1:1 ომარ პატარკაციშვილი, 2:1 რატი კაკიაშვილი, 2:2 ლევან ქურდაძე, 3:2 გია ჩადუნელი, 3:2 ისუფ ტურე (ააცილა), 4:2 გიორგი ვეკუა, 4:3 შალვა ბურჯანაძე, 5:3 მიხეილ ერგემლიძე

„გაგრა“: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ჩადუნელი, ნოზაძე, ქობულაძე, ვეკუა, სულთანიშვილი (106. მანაგაძე), ხაბელაშვილი (106. კაკიაშვილი), ივანიაძე (84. ერგემლიძე), მაქაცარია, ლაღაძე (84. ოქროპირიძე)

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

სამგურალი“: მეშველიანი, ლ. ქურდაძე, ბურჯანაძე, პატარკაციშვილი, ისუფ ტურე, კიკაბიძე, ბანძელაძე, ფონიავა, გაზდელიანი, დოლიძე (72. ჩიხლაძე), კუხიანიძე

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

მთავარი არბიტრი: გ. ყრუაშვილი

გაფრთხილებები: ივანიაძე (31), ჩადუნელი (44), გაზდელიანი (51), კუხიანიძე (58), სულთანიშვილი (63), ვეკუა (83), ერგემლიძე (102), ჩიხლაძე (112)

გაძევება: კიკაბიძე (55)