საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ სამტრედიაში უმასპინძლებს #1TVSPORT
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ სამტრედიაში უმასპინძლებს #1TVSPORT

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში 30 ივნისს ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ სამტრედიაში უმასპინძლებს.

„ტორპედომ“, როგორც საქართველოს თასის მფლობელმა, ბათუმელებთან ნახევარფინალში მასპინძლის უპირატესობა მიიღო. ქუთაისში, საგანგებოდ ევროპის ჩემპიონატისთვის განახლებულ „რამაზ შენგელია არენაზე“, ჯგუფური ეტაპის მატჩები – 22, 25 და 28 ივნისს, ხოლო 1/4-ფინალი 2 ივლისს გაიმართება. აქედან გამომდინარე, ქუთაისის „ტორპედო“ სუპერთასის ნახევარფინალში ბათუმის „დინამოს“ მშობლიურ სტადიონზე ვერ უმასპინძლებს. 30 ივნისს, სუპერთასის მეორე ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ გორის „დილას“ შინ შეხვდება.

თუ „ტორპედო“ ფინალში გავიდა და „დინამო თბილისს“ შეხვდა, მასპინძლის უპირატესობა მოქმედ ჩემპიონს, „დინამოს“ ექნება. თუ ფინალში „დილა“ და „ტორპედო“ შევხვდებიან, მასპინძლის უპირატესობით თასის მფლობელი ქუთაისელები ისარგებლებენ და თამაში „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ, ისტორიაში პირველად, საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში ევროთასებზე მონაწილე ოთხი გუნდი ითამაშებს: მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი“, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ და ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონში მეორე-მესამე ადგილებზე გასული ბათუმის „დინამო“ და გორის „დილა“.

ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. საქართველოს სუპერთასის ფინალური შეხვედრა და მესამე ადგილისთვის მატჩი 4 ივლისს გაიმართება.