საქართველოს სუპერთასის მფლობელი აუტსაიდერთან განადგურდა
საქართველოს სუპერთასის მფლობელი აუტსაიდერთან განადგურდა

საქართველოს სუპერთასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიასთან“ განადგურდა.

„კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მატჩში, რომელიც „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა, „ტორპედო“ მოედანზე დანაკლისით გავიდა. გუნდს სხვადასხვა მიზეზით ოთხი ლიდერი ვერ ეხმარებოდა – როინ კვასხვაძე, თორნიკე კაპანაძე, რიჩარდ ლუკა და ლევან გეგეჭკორი. გუნდის ფინანსური პრობლემები და ლიდერების ტრავმა შედეგზეც აისახა: 45+1-ე წუთზე ანგარიში „ვიტ ჯორჯიას“ შემტევმა ცოტნე მოსიაშვილმა გახსნა, ირაკლი ზარიძემ (78 წთ) მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, ხოლო ზურაბ მუსელიანმა (82 წთ) საბოლოო ანგარიში და „ვიტ ჯორჯიას“ გამარჯვება დააფიქსირა 3:0.

„ვიტ ჯორჯიამ“ 14 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია. აღსანიშნავია, რომ გუნდმა რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. 21 აპრილის შემდეგ (როდესაც თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა), „ვეტერინარებმა“ ზედიზედ რვა მატჩი წააგეს. ქუთაისის „ტორპედო“ კი 27 ქულით მეოთხე ადგილზეა.