საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამწყებ საფეხბურთო მწვრთნელებს მოამზადებს #1TVSPORT
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ტრისტან გულბიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწვრთნელთა განათლების ეროვნული, D კატეგორიის სერტიფიკატის კურსს ჩაატარებს. ეს სერტიფიკატი მწვრთნელთა განათლების სისტემაში პირველი საფეხურია და მისი გავლა სავალდებულო იქნება იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც პროფესიული საფეხბურთო გამოცდილება არ გააჩნიათ.
D კატეგორიის სერტიფიკატის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, 6-დან 9 წლამდე ასაკის ჯგუფებთან იმუშაონ. ამას გარდა, შეძლებენ სწავლა გააგრძელონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უეფა-ს მწვრთნელთა C ლიცენზიის კურსზე, სადაც დაშვების კუთხით გამონაკლისი გათვალისწინებული იქნება განსაკუთრებული პროფესიული საფეხბურთო გამოცდილებისა და სტაჟის მქონე საფეხბურთო სფეროს წარმომადგენლებისთვის.