საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაცია - ჩვენ ასაკობრივი კატეგორიების ლიგებს შევქმნით #1TVSPORT
საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაცია - ჩვენ ასაკობრივი კატეგორიების ლიგებს შევქმნით #1TVSPORT

საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, კუს ტბის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება EuroFootball Day, ასევე პირველად ჩატარდება ამხანაგური თამაში „სიარულით ფეხბურთის“, Walking Footbal-ის წესებით. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაციამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც საგანგაშო სტატისტიკა მოიშველია და სამომავლო გეგმები დაანონსა:

„2020 წელს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ჩაატარა მასშტაბური კვლევა, თემაზე: როგორ გავზარდოთ მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტიურობის დონე. კვლევის მიხედვით იკვეთება მოსახლეობის უკიდურესად დაბალი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი, მაგალითად 18-69 წლამდე მოსახლეობის 82,4% (კაცები – 72,2% , ქალები – 91,8%) არ არის ინტენსიურად დატვირთული ფიზიკური აქტივობით.

ხელშემშლელ ფაქტორებად სახელდება:

არასაკმარისი ფინანსური რესურსები, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და ნაკლები ხელმისაწვდომობა, კვალიფიციური კადრების არარსებობა, ინტერესის ნაკლებობა მოსახლეობის მხრიდან, კერძო სექტორისა და ბიზნესის არასაკმარისი ჩართულობა ფიზიკურ და სპორტულ აქტივობებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასაკში შესული მოსახლეობისთვის არ არსებობს არანაირი პროგრამა, ადაპტირებული გარემო, რაც ერთი მხრივ მნიშვნელოვნად აუარესებს „ცხოვრების ხარისხს“ და მეორეს მხრივ ძალიან მძიმე ტვირთად აწევს სახელმწიფო ბიუჯეტს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კუთხით.

კიდევ უფრო დიდი პრობლემაა გოგონათა და ქალთა ფიზიკური აქტივობა, სადაც აღნიშნულ ბარიერებს ემატება გარკვეული სოციალური სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს და დააფინანსოს ასაკოვან მოსახლეობაზე მორგებული ფიზიკური აქტივობები“, – წერია გავრცელებულ წერილში.

სიარულით ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორისთვის პრიორიტეტული გახდეს ზოგადად მოსახლეობის გაჯანსაღებისადმი მიმართულ პროექტებში ჩართვა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი:

„საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს სიარულით სპორტის ალიანსი მოწოდებულია გაზარდოს ასაკში შესული მოსახლეობის ფიზიკური აქტივობა, მოახდინოს მათი რესოციალიზაცია, შეჯიბრის, თამაშის პრინციპების დანერგვით დაუბრუნოს ახალგაზრდობა და შეუქმნას დადებითი ემოციური ფონი. სიარულით სპორტი არის ყველასათვის, მას არ სჭირდება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა (არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ რადიკალურად გავზარდოთ მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის პროცენტი), არ სჭირდება ძვირადღირებული ეკიპირება ან ინვენტარი, რაც მთავარია გარკვეული ასაკის შემდეგ, სწორედ სიარული არის ყველაზე მისაღები სპორტული აქტივობა, ხოლო მისი გამრავალფეროვნება სხვადასხვა სპორტის სახეობით (სიარულით ფეხბურთი, სიარულით კალათბურთი, სიარულით ჩოგბურთი) ქმნის მიმზიდველ, სახალისო გარემოს, მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ფაქტორს“.

ორგანიზაციამ სამომავლო გეგმებიც დაანონსა:

„საქართველოს სიარულით ფეხბურთის ასოციაციის უახლოეს გეგმებშია დანერგოს და განავითაროს სპორტის ყველაზე მზარდი და მოთხოვნადი სახეობა საქართველოში. ჩვენ შევქმნით ლიგებს ასაკობრივი კატეგორიების (50+, 60+, 70+) მიხედვით როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის. მოხდება ინტეგრაცია სიარულით ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციასთან, სადაც საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი. უბნების, რეგიონების, ქალაქების, კომპანიების ტურნირები მძლავრ სტიმულს მისცემს მოსახლეობის გაჯანსაღების უმნიშვნელოვანეს პროცესს. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ და ვაქციოთ საქართველო ჯანსაღ და აქტიურ ქვეყნად“.