საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრა #1TVSPORT
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა, სადაც 7-9 ივლისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ითამაშებს.

პორტუგალიის ქალაქ ალგარვეში ჩატარებული პირველი ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრები 18 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ირლანდიას ჩამორჩება, რომელთანაც ფინალი 10:19 წააგო.

ჰამბურგში საქართველო B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები პორტუგალიის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.

ტურნირი სამდღიანია, საქართველოს ნაკრები 7 ივლისს რუმინეთს შეხვდება, 8 ივლისს კი იტალიასა და პორტუგალიას დაუპირისპიდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფების ორ-ორი გამარჯვებული და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მეოთხედფინალში გადის.

ალგარვეს ეტაპის შედეგიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრები, დიდი ალბათობით, შესარჩევ ტურნირს ითამაშებს, ჰამბურგში კი ევროპის ჩემპიონატის მედლების მოპოვებასაც შეეცდება.

ბესიკ ხამაშურიძე (საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ევროპულ თამაშებზე გამოჩნდა, რომ მოთამაშეები გადაღლილები იყვნენ. ამიტომ ეს პერიოდი, ძირითადად, აღდგენას დაეთმო და მხოლოდ ერთი დღით შევიკრიბეთ მარტყოფის ბაზაზე. ვფიქრობ, ასე უფრო მეტი ენერგიით შევხდებით ჰამბურგის ეტაპს. იმისათვის, რომ მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში მოვხვდეთ, საქმის დაახლოებით 70% გაკეთებული გვაქვს, თუმცა ჩვენი მიზანია, ევროპის ჩემპიონატი რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დავასრულოთ და პრიზიორებს შორის მოვხვდეთ.

ტრავმა მოიშუშა და ჰამბურგში გუნდთან ერთად იქნება გიორგი კურტანიძე. სხვა მხრივ, ის შემადგენლობა შევინარჩუნეთ, რომლითაც ევროპულ თამაშებზე გამოვედით“.

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი):

ნიკოლოზ რეხვიაშვილი („ყოჩები“), ბექა გელხვიძე („ლელო“), ირაკლი სიმსივე („აია“), სოსო მათიაშვილი („შავი ლომი“), სერგი ჩხაიძე („ყოჩები“), გიორგი ჭუაძე („აკადემია“), ლაშა ლომიძე („შავი ლომი“), გიორგი ფრუიძე („ბათუმი“), რომან მახათაძე („ყოჩები“), გიორგი ჯობავა („ხვამლი“), გაგა ქევხიშვილი („ლელო“), ანზორ სიჭინავა („ბათუმი“), გიორგი კურტანიძე („ლელო“).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე