საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღო მონაწილეობა

20-21 თებერვალს ავსტრიის დედაქალაქში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა. 50 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარმა ეუთო-ს სივრცეში მიმდინარე პროცესებზე დისკუსიები გამართეს და სპეციალურ მომხსენებლებს მოუსმინეს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმდინარეობდა განხილვა პოლიტიკური და უსაფრთხოების თემებზე. დელეგაციის წევრმა ირაკლი ბერაიამ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტარმა ხაზი გაუსვა მძიმე ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

„არსებული სიტუაცია მიუღებელია და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რათა განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე და მოუწოდოს საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დასაცავად“, – განაცხადა დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს ორი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით ესწრებოდა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ორი დღის განმავლობაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ და გენერალური კომიტეტის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და მადლობა გადაუხადეს უცხოელ კოლეგებს მხარდაჭერისათვის, ასევე მოუწოდეს მათ კონკრეტული ქმედებებისაკენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას კახა კუჭავა, ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი დაესწრნენ.