საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლეგიონერი კამარ ბოლდუინი კარიერას თელ-ავივის „მაქაბიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

21:51, 10.11.2026

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე კამარ ბოლდუინი კარიერას თელ-ავივის „მაქაბიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ისრაელის კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

29 წლის კალათბურთელი „მაქაბის“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ შეუერთდება. ბოლდუინმა ისრაელის კლუბთან კონტრაქტი 2026/27 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი „მაქაბის“ უკანახაზელის, იფე ლუნდბერგის ტრავმა გახდა, რომლის გამოც ის ხანგრძლივი პერიოდით ვერ ითამაშებს.

ბოლდუინი „ბაიერნს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა. გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში საშუალოდ 7,1 ქულასა და 3,6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა, სამქულიანებს კი 40%-იანი სიზუსტით ისროდა. ევროლიგაზე მისი საშუალო მაჩვენებლები 6,7 ქულა და 2,4 შედეგიანი გადაცემა იყო. მიმდინარე სეზონში მან გერმანიის ჩემპიონატში რვა, ხოლო ევროლიგაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა.

კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა 2024 წლის ნოემბერში მიიღო. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო ორ შეხვედრაში მისი საშუალო მაჩვენებლები 22,5 ქულა, 6,5 მოხსნა, 5,5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო.

ბოლდუინმა საქართველოს ნაკრებთან ერთად 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზა, სადაც შვიდ შეხვედრაში საშუალოდ 10,9 ქულას, 4 შედეგიან გადაცემას, 2,9 მოხსნასა და 1,1 ჩაჭრას აგროვებდა.

მსგავსი