საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ისრაელთან ამხანაგურ მატჩს გამართავს – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

08:00, 23.08.2026

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ისრაელის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა დღეს, 19:15 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

აღნიშნული თამაში ოფიციალური მატჩების წინ საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო იქნება. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის – 28 აგვისტოს, თბილისში მონტენეგროსთან, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიასთან.

საქართველოს ნაკრებმა აგვისტოში ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩაატარა და ლიბანის ნაკრები დამაჯერებლად, 93:74 დაამარცხა.

ისრაელის წინააღმდეგ ითამაშებს გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც ლიბანთან დაისვენა და მომდევნო სამ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს დაეხმარება.

საქართველოსა და ისრაელის საკალათბურთო ნაკრებებს აქამდე ერთმანეთთან 11-ჯერ უთამაშიათ. ექვს შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა გაიმარჯვეს, ხოლო ისრაელმა ხუთჯერ მოიგო.

მსგავსი