საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთის საკადასტრო დოკუმენტებში აიბღაზე მონაცემები შესულია 2002 და 2009 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ კი, რეაგირება არ მოახდინა
საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთის საკადასტრო დოკუმენტებში აიბღაზე მონაცემები შესულია 2002 და 2009 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ კი, რეაგირება არ მოახდინა

რუსეთის საკადასტრო დოკუმენტებში აიბღაზე მონაცემები შესულია 2002 და 2009 წლებში, მაშინდელმა ხელისუფლებამ კი, რეაგირება არ მოახდინა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, გაგრის რაიონის ნაწილი, მთა აიბღას ტერიტორიაზე რუსეთის რეესტრში, როგორც ამ ქვეყნის კუთვნილება არის შეტანილი.

„რუსეთის ფედერაციის საკადასტრო დოკუმენტებში სოფელ აიბღასთან დაკავშირებით მონაცემები შესულია პირველ ჯერზე 2002, შემდგომ კი 2009 წელს. სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვა არანაირი რეაგირება.

სამართლებრივ შეფასებას რაც შეეხება, ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელი აიბღას ნაწილის რუსეთის მიერ თავის ტერიტორიად გაფორმება, ისევე, როგორც სხვა მსგავსი ნაბიჯები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს რეგიონების ანექსიის პროცესისა და სხვა უკანონო მოქმედებების გაგრძელებას.

არსებობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და მათი უპატივცემულობა რუსეთის მიერ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი მონაკვეთების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი ოკუპაციის პირობებში ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული ნებისმიერ შეთანხმებას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.