საქართველოს საგარეო უწყება - აშშ-ის საგარეო ოპერაციების შესახებ კანონში საქართველოსთვის საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდა არის გათვალისწინებული
საქართველოს საგარეო უწყება - აშშ-ის საგარეო ოპერაციების შესახებ კანონში საქართველოსთვის საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდა არის გათვალისწინებული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდა არის გათვალისწინებული.

„გამოქვეყნდა აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ მ.წ. 26 სექტემბერს მიღებული სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. 2020 ფისკალური წლის კანონპროექტი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას.

კანონპროექტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები (აღნიშნული ჩანაწერი პირველად 2017 წელს გაკეთდა). აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

2020 წლის კანონპროექტში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს. კერძოდ, საქართველომ მიიღო 40 მილიონიანი დაფინანსება საგარეო სამხედრო დაფინასების ფონდის (FMF) ფარგლებში (5 მლნ აშშ დოლარით მეტი, ვიდრე შარშან).

ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს 285 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, დასავლური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. კანონპროექტის თანახმად, დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.