საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ზარია ყაზახურ კლუბებთან მოლაპარაკებებს ადასტურებს #1TVSPORT
გიორგი ზარიამ ალმატის „კაირათი“ 2025 წლის სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა Vesti.kz-თან ინტერვიუში კლუბიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ყაზახურ კლუბებთან მოლაპარაკებები დაადასტურა.
„მადლობელი ვარ „კაირათის“. გასულ წელს ერთად დიდი ისტორია შევქმენით და კლუბს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. დიახ, მოლაპარაკებები იყო, პრეზიდენტთანაც ვისაუბრე. მას ჩემი დარჩენა სურდა და მეც მინდოდა გუნდში დარჩენა.
თუმცა სეზონის მეორე ნახევარში ნაკლებად მიწევდა თამაში და მთავარი მწვრთნელის მხრიდან ჩემი შენარჩუნების სურვილი ვერ დავინახე. მიუხედავად იმისა, რომ მასთან პრობლემები არ მაქვს, ეს მისი გადაწყვეტილებაა – სათადარიგო მოთამაშედ ყოფნა არ მსურდა.
„აქტობესა“ და „ტობოლთან“ მოლაპარაკებები ნამდვილად მაქვს. ამ ეტაპზე უფრო მეტად „აქტობესთან“ ვკონტაქტობ. ინტერესი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი“, – განაცხადა გიორგი ზარიამ.
28 წლის ფეხბურთელი ალმატის კლუბს 2024 წლის დასაწყისში შეუერთდა და სადებიუტო სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა – 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და ყაზახეთის პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს.
2025 წლის სეზონში ზარიამ „კაირათს“ ჩემპიონატის და ყაზახეთის სუპერთასის მოგებაში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. საერთო ჯამში, მან კლუბის მაისურით 59 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.