საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ორი მატჩისთვის ემზადება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ორი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ჩასატარებელი ორი მატჩისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი 12 ოქტომბერს „დინამო-არენაზე“ ჯგუფის ლიდერს, ირლანდიას უმასპინძლებს, ხოლო 15 ოქტომბერს გიბრალტარს ესტუმრება.

ირლანდიის ნაკრებებთან მეთერთმეტე დაპირისპირებისთვის ჩვენი ეროვნული ნაკრები 7 ოქტომბრიდან არასრული შემადგენლობით ემზადება. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღესაც 21 ფეხბურთელი იყო. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, გუნდმა 9 ოქტომბერს დილის ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა. ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშიაც სავარჯიშო პროცესს 10 ოქტომბერს შეუერთდებიან.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელებმა თავისუფალი დრო გამოიყენეს და ეროვნული ნაკრების სამი წევრი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბურჯანია და გიორგი ლორია თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და საქართველო – ირლანდიის მატჩზე დაპატიჟეს.

საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება თბილისის „დინამო არენაზე“ 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 12 ოქტომბერს ირლანდიასთან (17:00 საათი და 15 ოქტომბერს გიბრალტართან (22:45 საათი) საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.