საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საელჩო აშშ-ში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის პროცედურებზე ინფორმაციას ავრცელებს.

„2020 წლის 31 ოქტომბერს დანიშნულ საერთო საპარლამენტო არჩევნებსა და მასში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების შეუფერხებლად მონაწილეობის პროცედურასთან დაკავშირებით განახლებადი ინფორმაცია იხილეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე.

საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია ვებგვერდის www.geoconsul.gov.ge საშუალებით, საელჩოში/საკონსულოში პირადი გამოცხადების გზით, ასევე, საფოსტო გზავნილის მეშვეობით.

აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.

თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოების საკონტაქტო ნომრები იხილეთ ტექსტში ქვემოთ.

საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბანზე მისვლისას მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ID card)“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი