საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი - გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ფეხბურთელებს #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი - გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ფეხბურთელებს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 25 თებერვალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრა 25 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.

მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარები გააკეთეს საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და მოთამაშეებმა, მარიამ კალანდაძემ და ტატიანა მატვეევამ.

ირის ანტმანი, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ტრავმირებული ხატია ჭყონიას გარდა, მოახლოებულ მატჩებს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად ხვდება. გვყავს ახალგაზრდა, 2005 და 2006 წელს დაბადებული მოთამაშეები, რომლებიც 19-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდნენ და მათი შესაძლებლობის ნახვა მინდა.

ვარჯიშებზე კარგი ატმოსფეროა და რასაც ფეხბურთელები ვარჯიშებზე აკეთებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებში მოედანზე უნდა ვიხილოთ. მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ ამ მატჩებში გამარჯვება გვსურს.

პირველ შეხვედრა კვირასაა და გულშემატკივრებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ფეხბურთელებს. თამაშიდან თამაშამდე უფრო შემტევი გუნდი ვხდებით. გვსურს, რომ სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ. იმედი მაქვს, გულშემატკივარი მოვა და ისიამოვნებს ჩვენი გუნდის თამაშით“.

მარიამ კალანდაძე, ქალთა ნაკრების ფეხბურთელი: „ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და ოპტიმალურ ფორმაში არ ვართ, თუმცა გვქონდა ინდივიდუალური დავალებები. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეგვესრულებინა და შეკრებისთვის ფორმაში ვყოფილიყავით. დიდი სურვილი გვაქვს, რომ შესარჩევ ეტაპს პოზიტიურ განწყობაზე შევხვდეთ, რასაც, რა თქმა უნდა, გამარჯვებებით მივაღწევთ. გულშემატკივრების თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს წინა მატჩებში იყო“.

ტატიანა მატვეევა, „ქალთა ნაკრების ფეხბურთელი: „სათამაშოდ მზად ვართ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ვეცდებით, გამარჯვება მოვიპოვოთ. იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრები სტადიონზე მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ“.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ეკა თაბაგარი („ლანჩხუთი“), თათია გაბუნია („კვარტალი“, თბილისი), სვეტლანა გაბელაია („კოლხეთი“, ხობი);

დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩხარტიშვილი (ყველა – „ლანჩხუთი“), სალომე გასვიანი, ნათელა წოწერია (ორივე – „კვარტალი“, თბილისი), ელენე ენჯიბაძე („სამეგრელო“, ჩხოროწყუ), თამარ ტატუაშვილი („ტრაბზონსპორი“, თურქეთი);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო ბუხრიკიძე, ანა პავლიაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია (ყველა – „სამეგრელო“, ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი, ანასტასია ბოლქვაძე, სალომი დიმოპულო, ნათია დანელია (ყველა – „კვარტალი“, თბილისი), თეონა ბაქრაძე, ანა ჩემინავა (ორივე – „ტრაბზონსპორი“, თურქეთი), თინათინ ამბალია („ლანჩხუთი“), ტატიანა მატვეევა („ასია სპორტი“, თურქეთი).

მატჩების განრიგი

25 თებერვალი, 15:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია

28 თებერვალი, 15:00

საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონია