საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ლიეტუვასთან გამარჯვებისთვის საჭიროა ხასიათი და დისციპლინა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ლიეტუვასთან გამარჯვებისთვის საჭიროა ხასიათი და დისციპლინა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და ფეხბურთელმა ანასტასია ბოლქვაძემ ​ლიეტუვასთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს, რომლითაც გუნდი 5 აპრილს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს.

ირის ანტმანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ყოველთვის გამარჯვების მოლოდინი მაქვს. ერთა ლიგაზე, ლიეტუვასთან გასვლით შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, რასაც ვერ ვიტყვი საშინაო მატჩზე. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს გამარჯვება სურთ. ამისთვის საჭიროა გამოავლინონ ხასიათი და დისციპლინირებულად ითამაშონ. მიუხედავად ლიეტუვის ნაკრების სიძლიერისა, ყველაფერი ჩვენს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. დიახ, ტრავმების გამო გვაქვს დანაკლისი, მაგრამ მოედანზე 11 ფეხბურთელი იქნება. მათ, ვისაც თამაშის საშუალება მიეცემათ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ექნებათ.

26 მარტს მთელი ქვეყანა ბედნიერი იყო საქართველოს ნაკრების გამარჯვებით. ვფიქრობ, ახლა დროა, გულშემატკივარმა ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუჭიროს მხარი. დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერა ჩვენს გუნდზე დიდ გავლენას მოახდენს და გამარჯვებაში დაგვეხმარება. ვეპატიჟები გულშემატკივარებს, რომ ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღონ და გოგონებს მხარი დაუჭირონ“.

ანასტასია ბოლქვაძე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: „გუნდში კარგი განწყობაა. მზად ვართ, რომ ლიეტუვასთან სასურველ შედეგს მივაღწიოთ. მეტოქე შესწავლილი გვყავს. გვსურს, რომ ჩვენი თამაში შევთავაზოთ და გავიმარჯვოთ. გულშემატკივრის როლი უმნიშვნელოვანესია. მათი მხარდაჭერა დიდ ემოციას და მოტივაციას გვაძლევს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სტადიონზე. მოხარული ვიქნები, თუ ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრება ხვალინდელ შეხვედრას“.

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.