საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი - სომხეთთან მოგება კარგი დასაწყისია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი - სომხეთთან მოგება კარგი დასაწყისია, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა სომხეთთან „მიხეილ მესხზე“ გამართულ სადებიუტო ამხანაგურ მატჩზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო – 5:0.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბოლოს გოლი ორი წლის წინ (2021 წლის 11 ივნისს) აზერბაიჯანთან თბილისში მოგებულ (3:2) ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. ახლა კი, გოლებთან ერთად, თამაშის ხარისხიც გაუმჯობესებულია.

„ძალიან კარგი სტაფი გვყავს, რომელიც გუნდური მუშაობით მოთამაშეებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებს. შევარჩიეთ მოთამაშეები, რომლებსაც თავდაუზოგავად მუშაობა სურთ. ფეხბურთელების ხარისხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა, პირველ რიგში, მთავარია ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი.

დიდი არჩევანი არ გვაქვს, თუმცა შეკრებაზე გოგონებმა ძალიან ბევრი იშრომეს და დაიჯერეს, რომ რაღაცების შეცვლა შეუძლიათ, ყველაფერი მათ ხელშია. დღევანდელი მატჩი კარგი დასაწყისია, თუმცა შემდეგ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ. ამ საფეხურზე გაჩერება ეროვნულ გუნდში სათამაშოდ და ერთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად საკმარისი არ იქნება.

დღევანდელი გამარჯვება კარგი იყო თავდაჯერებისა და რწმენისთვის. ნებისმიერი მოგება სასიამოვნოა, თუმცა პროფესიონალებად უნდა დავრჩეთ. მოგება მიყვარს და გოგონებსაც ვუთხარი, რომ გამარჯვების გემოს არაფერი შეედრება. მინდა, რომ ფეხბურთელებმა ეს იგრძნონ და დამატებითი მოტივაცია მიიღონ“, – ამბობს ირის ანტმანი.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნული გუნდების მეორე ამხანაგური შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათაზე დაიწყება.