საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი ირის ანტმანი – მალტასთან თამაში მხოლოდ მეორე ტაიმში დავიწყეთ #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის მესამე ტურში მალტასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
„სამწუხაროდ, თამაში მხოლოდ მეორე ტაიმში დავიწყეთ. პირველ ტაიმში მეტოქეს სამი საჩუქარი გავუკეთეთ და გოლებიც გავუშვით. შესვენების შემდეგ კი ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინეს.
ამ პერიოდში მომენტებიც შევქმენით და მოგებაც კი შეგვეძლო. ფეხბურთში ასეა – თუ შეხვედრას კარგად ვერ იწყებ, თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია. იმედი მაქვს, მალტასთან მეორე შეხვედრაში ფეხბურთელები პირველივე წუთებიდან ხასიათს გამოავლენენ და სტუმრად წარმატების მიღწევას შევძლებთ“, – ამბობს ირის ანტმანი.
ერთა ლიგის მომდევნო შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები 8 აპრილს მალტის ნაკრების წინააღმდეგ სტუმრად გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.