საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელი - ფეხბურთელები ხვდებიან, რომ მალტასთან წარმატების შანსი აქვთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ერთა ლიგის მესამე ტურში მალტასთან საშინაო შეხვედრამდე გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„მეტოქე ძლიერია და ვიცით, რომ რთული შეხვედრა გველის. მალტის ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა იტალიის სერია A-ში თამაშობს, თუმცა ამ ჯგუფში ნებისმიერ ნაკრებს შეუძლია მეტოქის დამარცხება.
ფეხბურთელები ხვდებიან, რომ წარმატების შანსი აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობაც მოგვეცემა. სახლში ვთამაშობთ, ამიტომ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ქულები უნდა მოვიპოვოთ. ისინი ჩვენი მე-12 მოთამაშეები არიან და ველით მათ სტადიონზე“, – აცხადებს ირის ანტმანი.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მალტას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში 4 აპრილს „მიხეილ მესხი 2“-ზე უმასპინძლებს. 2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში ასპარეზობს და B ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.
საქართველო – მალტის დაპირისპირება 4 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება თავისუფალია.