საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელად დანიშნული ჩხაიძე „ლანჩხუთსაც“ უხელმძღვანელებს #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელად დანიშნული ჩხაიძე „ლანჩხუთსაც“ უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლება და პოსტზე ისევ გიორგი ჩხაიძე იმუშავებს.

„ჩვენი გუნდის მორიგი წარმატება. გიორგი ჩხაიძე ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. მაგრამ პარალელურად ის საქმიანობას კლუბშიც გააგრძელებს“, – წერია „ლანჩხუთის“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტს, გიორგი ჩხაიძეს ქართული ქალთა ფეხბურთის ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება – მისი ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ პირველი ქართული ქალთა კლუბია, რომელმაც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა – 2020/21 წლის სეზონში „ლანჩხუთი“ ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა.

გიორგი ჩხაიძესთან ერთად, „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს, მათ შორის – 2020 წლის სეზონში. გუნდის წარმატების შედეგად ქართულ ქალთა ფეხბურთში პირველი პრეცედენტიც დაფიქსირდა – ყველასთვის საამაყო ქალთა საფეხბურთო კლუბს წელს ცნობილი ბანკის სახით სპონსორი გამოუჩნდა.

ახლა გიორგი ჩხაიძე „ლანჩხუთს“ ქალთა ლიგის 2021 წლის სეზონისთვის ამზადებს, რომელიც ხვალ, 17 აპრილს დაიწყება. სეზონის პირველ ტურში საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ნორჩი დინამოს“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა ნაკრების საბაზო გუნდია.

2020 წლის სეზონის ქალთა ლიგის გამარჯვებული თბილისის „ნიკე“ გახდა და 2021-2022 წლების სეზონზე ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წარადგენს.