საქართველოს პრემიერის თანაშემწემ, სოფო ჯაფარიძემ სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერის თანაშემწემ, სოფო ჯაფარიძემ სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ, სოფო ჯაფარიძემ, სტოკჰოლმის გენდერული თანასწორობის ფორუმის ფარგლებში, მაღალი დონის თემატურ პანელში მონაწილეობა მიიღო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დისკუსიისას, რომელიც მზარდი შეიარაღებული კონფლიქტების გათვალისწინებით ქალების უსაფრთხოების საკითხების განხილვას დაეთმო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ისაუბრა ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის, როგორც დანაშაულის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი საშუალებების შესახებ. მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებში ხაზგასმით არის აღნიშნული შეიარაღებული კონფლიქტის დროს/შემდეგ ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შენარჩუნების აუცილებლობა, განსაკუთრებით კი, როდესაც საქმე ეხება სექსუალურ ექსპლუატაციას და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს.

სოფო ჯაფარიძემ ასევე ხაზი გაუსვა მართლმსაჯულებაზე ქალების წვდომის მნიშვნელობას, რაც სწრაფ გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნასა და პასუხისმგებლობას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერის თანაშემწემ ასევე ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში და იმ სირთულეებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული დანაშაულების გამოძიების კუთხით აწყდება, განგრძობადი ოკუპაციის პირობებში.

სოფო ჯაფარიძემ მიმოიხილა საქართველოში გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებული ინსტიტუციური მექანიზმები და მათ შორის არსებული თანამშრომლობა, ასევე ხაზი გაუსვა ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის დღის წესრიგის გასაუმჯობესებლად.

თემატურ პანელში ასევე მონაწილეობდნენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, გაერო-ს მოსახლების ფონდის გენერალური მდივანი-აღმასრულებელი დირექტორი, კანადის შეიარაღებული ძალების ოპერაციების ბრიგადის გენერალი და გენერალური დირექტორი.

ფორუმის მთავარი მიზანი იყო გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოცდილების მქონე სხვადასხვა პროფესიონალთა  შეკრება დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ფორუმში 100 ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის ფარგლებში, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგოტ ვოლსტრომის მიწვევით, სოფო ჯაფარიძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ სადილში,  სადაც განიხილეს ქალების როლი სამშვიდობო პროცესებსა და მშვიდობის შენარჩუნებაში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.