საქართველოს პირველი ჩემპიონი იუბილარია - ბათუმის „დინამო“ 100 წლისაა #1TVSPORT
საქართველოს პირველი ჩემპიონი იუბილარია - ბათუმის „დინამო“ 100 წლისაა #1TVSPORT

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბი ბათუმის „დინამო“ 100 წლის გახდა. „დინამო ბათუმს“ საინტერესო ისტორია აქვს და „დინამო თბილისზე“ ორი წლით ადრე დაარსდა. საფეხბურთო კლუბის შექმნის თარიღად 1923 წელი მიიჩნევა, თუმცა ფეხბურთის თამაში ბათუმში გაცილებით ადრე დაიწყეს.

ბათუმის პირველი საფეხბურთო კლუბი „ხოლოდნო სლობოდსკაია“ 1911 წელს შეიქმნა. 1914 წლისათვის ბათუმს ათამდე ორგანიზებული და ბევრი სამოყვარულო გუნდი ჰყავდა. ქალაქის პირველობაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ: „სელექტედი“, „გიმნაზიჩესკაია“, „დრუჟბა“, „ვოლნიე სოკოლა“, „არაქსი“, „გრეჩესკაია“, „ბონდარი“, „მარსი“ და სხვა.

1921 წელს ბათუმში რამდენიმე გუნდი შეიქმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ცნობილი „ბდპო“ (ბათუმის ნებაყოფლობითი ხანძარსაწინააღმდეგო საზოგადოება), რომელიც მალე ერთ-ერთი უძლიერესი ქართული გუნდი გახდა. სწორედ ამ გუნდის ბაზაზე დაარსდა მოგვიანებით „დინამო ბათუმი“.

1924 წელს ბათუმურმა გუნდმა ორი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს მაშინდელ გამორჩეულ კლუბ ზიი-სთან (ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი). ბათუმში სტუმრებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო თბილისში ბათუმელებმა იმავე ანგარიშით გაიმარჯვეს. იმავე წელს ბათუმში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო გუნდი – ხარკოვის ნაკრები, რომელმაც ბათუმელებთან მატჩი 2:2 დაასრულა. ბოლოს ხარკოველები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ, რომელშიც მრავლად იყვნენ ბათუმელი ფეხბურთელები. თამაშს იმ დროისთვის არნახულად დიდი აუდიტორია, 5 ათასი მაყურებელი დაესწრო და საქართველოს ნაკრებმა 1:0 გაიმარჯვა. 1925 წელს ბათუმელმა ფეხბურთელებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს თურქეთში ტრაბზონის ნაკრებთან – პირველი 7:1 მოიგეს, მეორე კი 1:2 დათმეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის ნაკრები 1927 წელს საქართველოს პირველი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გუნდმა სამივე მატჩი მოიგო – თბილისის და ფოთის ნაკრებებთან 2:1, ხოლო სოხუმთან – 3:0. 1928 წელს კი პირველობა თბილისის ნაკრებმა იზეიმა, ხოლო ბათუმელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. 1936 წელს საკლუბო დონეზე პირველად გაიმართა სსრ კავშირის პირველობა და თასის გათამაშება, რომლისთვისაც 39 ქალაქის 83 გუნდი იბრძოდა. ბათუმის „დინამო“ პირველსავე წრეში „დინამო თბილისთან“ დამარცხდა. ამავე წელს ბათუმში შიდა პირველობა ორ კატეგორიად გაიმართა – პირველში „დინამომ“ იმარჯვა, მეორეში – „ბურევესტნიკმა“.

1938 წელს ბათუმელებმა მეორედ მოიპოვეს საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ხოლო ენთუზიასტთა ინიციატივითა და დახმარებით, ბათუმში დაიწყეს სტანდარტული ზომების საფეხბურთო მინდვრის მოწყობა. 1939 წელს, საკავშირო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის დინამოელები სსრკ პირველობის „ბ“ კლასის გათამაშებაში ჩართეს. 23 ქულით გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა, შიდა პირველობაზე კი მე-5 ზე გავიდა.

1940 წელს საუკეთესო გუნდის წოდების მოსაპოვებლად ბათუმურმა კლუბმა „დინამო თბილისი“ 3:1 დაამარცხა და მესამედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. 1960-იან წლებში „დინამო ბათუმი“ „ბ“ კლასის პირველობაზე გამოდიოდა. პირველ ლიგაში გადასვლა დინამოელებმა 1983 წლის 12 ნოემბერს შეძლეს, როდესაც შინ სამარის „კრილია სოვეტოვი“ 2:0 დაამარცხეს.

1990-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებლობის გზა აირჩია, „დინამოს“ ყველაზე წარმატებული პერიოდი დაუდგა. გუნდი ერთხელ გახდა საქართველოს ჩემპიონი (2021), ხუთჯერ – ვიცე-ჩემპიონი (1998, 2015, 2019, 2020, 2022), ორჯერ – ბრინჯაოს მედალოსანი (1997, 2016), ერთხელ – საქართველოს თასის გამარჯვებული (1998), ორჯერ კი – საქართველოს სუპერთასის მფლობელი (1998, 2022).

2018 წლიდან საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. გუნდი არჩილ ბერიძემ და ჯონი ბაკურიძემ კერძო საკუთრებაში აიყვანეს. 2018 წლის პირველ მაისს საზეიმოდ გაიხსნა და კლუბს მმართველობაში გადაეცა ანგისის საფეხბურთო ბაზა, რომელი ბათუმის მუნიციპალიტეტმა ააშენა და გუნდმა საკუთარ კედლებში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. დინამოელებმა ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულეს და ეროვნული ლიგაში დაბრუნდნენ, საიდანაც გუნდის აღმავლობა დაიწყო.