საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

„5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ:

ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე დაკავდა 24 პირი;

„თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი;

ერთი პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით, გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

დატოვე კომენტარი