საქართველოს პირველი არხის ექსკლუზივი | მამუკა ჯუღელი - აზაროვზე „ნაპოლის“ ველაპარაკე, დავითაშვილს ინგლისში იწვევდნენ, გელაშვილის დიდი იმედი მაქვს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის ექსკლუზივი | მამუკა ჯუღელი - აზაროვზე „ნაპოლის“ ველაპარაკე, დავითაშვილს ინგლისში იწვევდნენ, გელაშვილის დიდი იმედი მაქვს #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხის ჟურნალისტთან, ცოტნე ქინქლაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მამუკა ჯუღელმა საქართველოს ნაკრების მოთამაშეების შესახებ ისაუბრა.

„იტალიაში იყო ნუკრი რევიშვილი და „ფროსინონესთან“ გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა, რომელიც ფოთის „კოლხეთიდან“ ერთწლიანი იჯარით წავიდა. ისინი კმაყოფილები არიან, გიორგის წინსვლა აქვს და, მგონი, ტრანსფერს წინ არაფერი უდგას.

ჩემი შეცდომა იყო, რომ აზაროვი „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდა, მაგრამ შეცდომა გამოსწორდა და „შახტარში“ გადმოვიყვანეთ. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, ირაკლი უფრო დიდი გუნდში რომ წავიდეს. გარკვეული დროის შემდეგ წინ წავა, მის მომავალს საუკეთესო გუნდებში და ლიგებში ვხედავ. დასამალი არაა, აზაროვზე ვგიჟდები. მასზე „ნაპოლის“ პრეზიდენტს, დე ლაურენტისსაც ველაპარაკე, „იუვენტუსსაც“ და სხვებსაც, მაგრამ ეს არ იყო კონკრეტული საუბარი.

ზურიკო დავითაშვილზე მეც ვნერვიულობ. ის არაა დამნაშავე, „ბორდო“ რომ გასავარდნ ზონაშია. ყველა ღონეს ვიხმარ, რათა გუნდი დატოვოს, თუ „ბორდოს“ ამბიციები არ ექნება, რადგან ზურიკო ამ დონის გუნდის მოთამაშე არაა. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ინტერესი იყო ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის და გერმანიის კლუბებიდან, მაგრამ კონტრაქტი ფრანგებს ეკუთვნის და ტრანსფერს არც განიხილავდნენ.

13-14 წლის იყო გელაშვილი, როდესაც ვთქვი, რომ დიდი მომავალი აქვს. ღმერთმა საამისოდ ყველაფერი მისცა, შრომისმოყვარე და მეომარი ბიჭია. მისი დიდი იმედი მაქვს. გელაშვილის სახით საქართველოს ნაკრების დაცვის ლიდერს ვხედავ“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა ცოტნე ქინქლაძესთან ინტერვიუში.