საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ბროლაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ბროლაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ბროლაძე.

შსს-ს მიერ დღეს დაკავებულთაგან ერთ-ერთი ის პირია, რომელიც ცდილობდა, ჟურნალისტებს სკუტერით დაჯახებოდა. ინციდენტის დროს ადგილზე ანა ბროლაძე იმყოფებოდა.

„სამი დაკავებულიდან ერთი არის პირი, რომელთან დაკავშირებითაც დაბარებული ვარ გამოკითხვაზე. საქმე ეხება სკუტერის ეპიზოდს, როდესაც აქციის მონაწილე მიზანმიმართულად ცდილობდა, რომ დაგვჯახებოდა მე და ჩემთან ერთად მყოფებს.

მე და ჩემმა ოპერატორმა მოვახერხეთ თავის არიდება და შემდეგ ჩემი კოლეგების უკვე მეორე წრეში შევარდა. ამაზე გამოგვკითხავენ და ამ ადამიანის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს დაემატება ეს ოქმი. მივაწვდი სამართალდამცველებს ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა ადგილზე და როგორ ცდილობდნენ ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ, ვიყავით ძალადობის მსხვერპლი“, – განაცხადა ანა ბროლაძემ.

შსს-ს მიერ დღეს დაკავებულ სამ პირს შორის არის სკუტერის მძღოლი, რომელიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს ეჯახებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სამი პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.