საქართველოსთან წაგება ძვირად დაუჯდა - შალანდი კოსოვოს ნაკრებიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT
საქართველოსთან წაგება ძვირად დაუჯდა - შალანდი კოსოვოს ნაკრებიდან გაათავისუფლეს #1TVSPORT

ბერნარდ შალანდი კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოსთან წაგებიდან (1:2) ერთი დღის შემდეგ, შვეიცარიელი სპეციალისტი კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„უარყოფითი შედეგის მიუხედავად, შალანდმა კოსოვოს ნაკრები სხვა განზომილებაში გადაიყვანა. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მას, ვინც მოგვცა საშუალება, რომ ამ ნაკრებით გვეოცნება. დიდი მადლობა ბერნარდ“, – წერია კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

70 წლის სპეციალისტის გათავისუფლების შესახებ, კოსოვოს ფეხბურთის ასოციაციამ საქართველოსთან წაგების მეორე დღეს გამოაცხადა. ბერნარდ შალანდი კოსოვოს ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებდა და გუნდი „დ“ დივიზიონის ჯგუფში გამარჯვების შემდეგ ერთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა – 1:2.

შვეიცარიელ მწვრთნელს უნდა ემუშავა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. მაგრამ გუნდმა შვიდ თამაშში ოთხი ქულა დააგროვა და „ბ“ ჯგუფში ცხრილის ბოლო ადგილზეა.

„ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული ვარ. ვწუხვარ, რადგან მსიამოვნებდა კოსოვოელ ფეხბურთელებთან თანამშრომლობა და მუშაობა. მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის შექმნა გახლდათ. ვფიქრობ, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ“, – განაცხადა შალანდმა.