საქართველოს ნაკრებს მასპინძლებმა პარტნიორობა შესთავაზეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებს მასპინძლებმა პარტნიორობა შესთავაზეს #1TVSPORT

კოსოვოს მხარის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ორგანიზაციის ოფისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დახვედრა მოუწყვეს. ეს უეფა-ს წევრ ქვეყნებში მატჩისწინა პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო ღონისძიებაა, რომელზეც ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები შეხვედრის ორგანიზაციასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ დეტალებს განიხილავენ.

„2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ჯგუფში კოსოვო-საქართველოს მატჩამდე, კოსოვოს ფედერაციის პრეზიდენტმა, აგიმ ადემიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა – ალექსანდრე იაშვილსა და დავით მუჯირს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვიცეპრეზიდენტი ბაკირ ბური და გენერალური მდივანი ტაულანტ ჰოდაი. პრეზიდენტმა ადემიმ სტუმრებს სადილის დროს კოსოვოს ფეხბურთის ისტორია გააცნო და ბოლო წლების განვითარების შესახებ ესაუბრა“, – წერია კოსოვოს მხარის ფედერაციის პერსსამსახურის ცნობაში.

ამავე დროს, როგორც გაირკვა, კოსოვოს მხარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობას სთავაზობს:

„პრეზიდენტმა ადემიმ გამოხატა მზადყოფნა ორი ფედერაციის შემდგომი დაახლოებისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ღირებულებების დამკვიდრებას. ქართულმა დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ადემის თბილი სტუმართმოყვარეობისთვის და ორ ფედერაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობისათვის მზადყოფნისათვის. დასასრულს, ტრადიციის თანახმად, ფედერაციის ხელმძღვანელმა სტუმრებს საჩუქრები გადასცა“.