ქომაგი დაბრუნდა - საქართველომ უკრაინასთან ბოლო წუთებზე გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან მატჩით გახსნა. თამაში თავიდან ბოლომდე ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ შეხვედრის მეოთხე პერიოდში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ხარისხიანი კალათბურთი უჩვენა და გამარჯვებაც იზეიმა – 88:83.

 

საქართველო-უკრაინა 88:83

28:24, 17:22, 19:20, 24:17

საქართველო: მაკფადენი (27ქ, 9პ), ბოქოლიშვილი, შენგელია (16ქ, 13მ), ბურჯანაძე (11ქ, 7მ), შერმადინი (23ქ), ჯინჭარაძე (2ქ), ფევაძე (4ქ), ბერიშვილი (2ქ), ბაქრაძე (3ქ).

უკრაინარენდლი (15 ქ), ლუკაშოვი (5 ქ), ლიპოვოი (3 ქ), პავლოვი (10 ქ), ვოინალოვიჩი (2 ქ), პეტროვი (16 ქ, 12 მ), პუსტოვოი (5 ქ), ბლიზნიუკი (18 ქ), სიდოროვი (9 ქ).

 

ბაგაცკისის ფაქტორი

უკრაინის ნაკრებს ლატვიელი სპეციალისტი აინარს ბაგაცკისი წვრთნის. 2012 წელს იგი ლატვიის ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელთან გამარჯვება საქართველოს ნაკრებს ძალიან უჭირდა. მიზეზი მწვრთნელში იყო – მისი მითითებით ბალტიისპირელები მთელი თამაშის განმავლობაში მოედნის მთელს პერიმეტრზე მეურვეობდნენ ქართველებს. ასეთ დროს შემტევი გუნდი იღლება და ბოლო წუთებისთვის ენერგიის შემონახვა უჭირს.

აინარსის ხელში უკრაინის ნაკრებიც ზედმეტად აგრესიული გუნდია. მწვრთნელს ამჯერადაც იგივე გათვლა ჰქონდა – საქართველოს ნაკრების ლიდერები, ბურჯანაძე, შენგელია, შერმადინი და მაკფადენი დაიღლებოდნენ და ბოლო წუთებზე ისეთივე ეფექტურები ვერ იქნებოდნენ, როგორც თავიდან.

თავის მხრივ, ქართველთა დამრიგებელი ილიას ზუროსი ცდილობდა ფორმაციის ხშირ ცვლილებას. პირველ ტაიმში შენგელია 13 წუთი ათამაშა, ბურჯანაძე – 12.

საწყის 20 წუთში ფარქვეშ ხისტი თამაში გაჩაღდა, სამწამიანი ზონიდან ბურთის ჩაგდება ორივე მხარეს ჭირდა. სამაგიეროდ, პერიმეტრიდან ორივე გუნდი შედეგიანი იყო. საქართველომ 7 სამქულიანი ჩააგდო, უკრაინამ – 5. ქართველთაგან 6 სამიანი თად მაკფადენის ანგარიშზე იყო, რომელმაც საწყისი ტაიმი 20 ქულით დაასრულა.

 

შენგელიას ფაქტორი

მესამე პერიოდში, ისევდადისევ, დაცვაში კარგი თამაშის წყალობით, უკრაინის ნაკრებმა რამდენიმეჯერ მიაღწია ხუთქულიან უპირატესობას, თუმცა სწორედ იმ მომენტებში ინდივიდუალური შესვლებით შენგელია თანაგუნდელბსაც იყოლიებდა და უკრაინელებსაც ახსენებდა, ვინ არის მასპინძელი.

46:66 მესამე პერიოდის შემდეგ.

მეოთხე პერიოდში თავიდან ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა. არ გამართლდა აინარს ბაგაცკისის ჩანაფიქრი, ილიას ზუროსმა თითოეული მოთამაშე საკმარისად დაასვენა და გადამწყვეტ მომენტში ყველამ კარგად დაგვანახა, რა შეუძლია.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები თამაშის ეშხში რომ შევიდნენ, მათი შეჩერება ვერც ერთმა უკრაინელმა მოახერხა და საქართველომ 88:83 გაიმარჯვა.

 

სტატისტიკა

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი, 27 ქულა თად მაკფადენმა ჩააგდო, რასაც 9 პასი მიამატა. თორნიკე შენგელიამ 16 ქულა და 13 მოხსნა გაიფორმა, გიორგი შერმადინმა – 23 ქულა, ბექა ბურჯანაძემ – 11 ქულა და 7 მოხსნა.

 

G ჯგუფის კალენდარი

29 ნოემბერი, 2021

ესპანეთი-საქართველო

24 თებერვალი, 2022

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონია

27 თებერვალი, 2022

ჩრდილოეთ მაკედონია-საქართველო

1 ივლისი, 2022

უკრაინა-საქართველო

4 ივლისი 2022

საქართველო-ესპანეთი