საქართველოს ნაკრებმა მეორე საკონტროლო მატჩი ესტონეთთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. მისი მეტოქე ესტონეთი იყო, რომელმაც საბოლოოდ 75:70 გაიმარჯვა.
ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში არ უთამაშიათ გოგა ბითაძესა და სანდრო მამუკელაშვილს. ბითაძე გუნდთან ერთად ლიეტუვაშია და მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა, ხოლო მამუკელაშვილი ტორონტოდან 8 აგვისტოს გადმოფრინდება.
18 ქულით მატჩის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, რომელმაც 7-დან 5 ორქულიანი და 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 11-11 ქულა მოაგროვეს ბექა ბურჯანაძემ და გიორგი კორსანტიამ, ხოლო ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა გიორგი შერმადინს – 10 ქულა, 9 მოხსნა.

წინა საკონტროლო მატჩში არ უთამაშია ამერიკელ ლეგიონერს, კამარ ბოლდუინს, რომელმაც ესტონეთთან მოედანზე 27 წუთი გაატარა, 7 ქულა და 4 პასი მოაგროვა.
„ჯვაროსნები“ მომდევნო საკონტროლო მატჩს 10 აგვისტოს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
