საქართველოს ნაკრებმა ფედერაციის თასი მოგებით დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა ფედერაციის თასი მოგებით დაიწყო

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ფედერაციის თასის გათამაშება დაიწყო ევროპა/აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში.

საქართველო B ქვეჯგუფში თამაშობს და პირველ ტურში მისი მეტოქე იყო ისრაელის ნაკრები.

პირველები კორტზე ეკატერინე გორგოძე (195-ე ნომერი) და ლინა გლუშკო (653) გავიდნენ. მატჩი ზუსტად ორი საათი გაგრძელდა და ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 4:6, 6:4. გორგოძემ ხუთიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, გლუშკომ – ორიდან ერთი.

მეორე მატჩში მარიამ ბოლქვაძე (165) და ვლადა კატიჩი (633) შეხვდნენ ერთმანეთს. აქ ბრძოლა მხოლოდ პირველი სეტში იყო, რომელიც ბოლქვაძემ ტაი-ბრეიკაზე მოიგო, მეორე სეტში კი ქართველმა ერთადერთი გეიმი დაუთმო მეტოქეს – 7:6, 6:1. შეხვედრა საათი და 43 წუთი გაგრძელდა.

ერთეულთა ორი შეხვედრის შემდეგ, საქართველო 2:0 დაწინაურდა და გაინაღდა მატჩში გამარჯვება, ამიტომაც წყვილების შეხვედრას ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდა. ქართველთა დუეტი ოქსანა კალაშნიკოვასა და ზოზია ქარდავას შემადგენლობით, 6:4, 5:7, 3:6 დამარცხდა გლუშკოსა და შავიტ კიმჩის წყვილთან.

B ჯგუფის მეორე მატჩში ტუნისმა მოლდოვას 3:0 მოუგო.

ოთხშაბათს, მეორე ტურში საქართველო მოლდოვის ნაკრებს შეხვდება.