საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა
საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთში ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ორი მატჩისთვის მოსამზადებლად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ორი საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა ჩეხეთში ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ.

პირველ მატჩში, რომელშიც ჩვენი გუნდის ლიდერებს არ უთამაშიათ, ილიას ზუროსის ნაკრები 57:71 დამარცხდა.
ქართველთა რიგებში ყველაზე შედეგიანი ნაკრების ახალი ლეგიონერი, ტადეუს მაკფადენი იყო – 18 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 შედეგიანი გადაცემა. გიორგი შერმადინმა 12 ქულა, 4 მოხსნა და ამდენივე პასი დააგროვა.

მეორე დღეს, ამავე მეტოქეებმა დახურული მატჩი ჩაატარეს, რომელსაც არასტანდარტული ფორმატი ჰქონდა – მწვრთნელების მოლაპარაკებით, პირველი ტაიმისა და მესამე მეოთხედის შემდეგ, ანგარიში განულდა.

პირველი სამი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა მოიგო – 20:18, 19:16 და 27:15. ილიას ზუროსმა მეოთხე მეოთხედში ახალგაზრდები და გუნდის ახალწვეულები ათამაშა და ჩეხეთმა ეს ათწუთეული 30:8 მოიგო.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 29 ივნისსა და 2 ივლისს ელოდება შესარჩევი მატჩები თბილისში – სერბეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ.