საქართველოს ნაკრებმა ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა - გამანადგურებელი მარცხის შემდეგ პეტროვი გადადგა, მას ივანოვი შეცვლის #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ბულგარელთა მწვრთნელი შეიწირა - გამანადგურებელი მარცხის შემდეგ პეტროვი გადადგა, მას ივანოვი შეცვლის #1TVSPORT

იასენ პეტროვი ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. საქართველოსთან ერთა ლიგის მეორე ტურის საშინაო მატჩში მისი ხელმძღვანელობით ბულგარეთის ნაკრებმა უმძიმესი მარცხი იწვნია (2:5), პეტროვი მსაჯის საფინალო სასტვენიდან რამდენიმე წამში მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ამ შეხვედრაზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. ისინი არ იმსახურებდნენ იმას, რაც დღეს ნახეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ბოლო მატჩია, როგორც ნაკრების მწვრთნელის“, – განაცხადა პეტროვმა.

მას თავის მართლება არც უცდია: 

„ცხადია, მორალური უფლება არ მაქვს, რომ პოსტზე დავრჩე. ვფიქრობ, დავშორდებით, რაც საკმაოდ ნორმალურია. ვიმედოვნებ, რომ სხვა ვინც მოვა, შეძლებს ბიჭებს მოტივაცია მისცეს. კიდევ ერთხელ ვამბობ – მორალური უფლება არ მაქვს დავრჩე“.

ბულგარული გამოცემა „ტრუდის“ ცნობით, მის ადგილს დროებით ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ტექნიკური დირექტორი გეორგი ივანოვი დაიკავებს, რომელიც გუნდს გიბრალტართან და საქართველოსთან მომავალ ორ მატჩში უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ც4 ჯგუფში პირველი ორი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო – 4:0 თბილისში გიბრალტართან, ხოლო 2:5 რაგრადში ბულგარეთთან და ასპროცენტიანი მაჩვენებლით, 6 ქულით ჯგუფში ლიდერობს. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.