გიორგი ფოფხაძემ კარიერა დაასრულა - დადგა დრო, ცხოვრება რადიკალურად შევცვალო
გიორგი ფოფხაძემ კარიერა დაასრულა - დადგა დრო, ცხოვრება რადიკალურად შევცვალო

გიორგი ფოფხაძემ კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულა. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება სურს.

„ბოლოს ყაზახურ „ყიზილჯარაში“ ვთამაშობდი, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგიდან გავარდა. ქართული გუნდებიდან დიდი ინტერესი არ გამოჩნდა და მივხდი, კარიერის დასრულება აჯობებდა. რა თქმა უნდა, გული მწყდება, რადგან ვგრძნობ, ევროპაში თამაში კიდევ შემიძლია. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს, რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება. ახლა კი ის დრო დადგა, ცხოვრება რადიკალურად შევცვალო“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გიორგი ფოფხაძე.

მისი თქმით, კარიერას ისევ ფეხბურთს დაუკავშირებს – „15 წელი პროფესიულ ფეხბურთში ვიყავი და უფეხბურთოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. გუგა კაჭახიძესთან და მალხაზ მუსერიძე საქართველოში საუკეთესო მენეჯერები არიან, მათთან ფეხბურთელობის დროიდან ვმეგობრობ და დიდი ალბათობით, მეც ამ საქმეს გავყვები. დღეს მსოფლიო ბაზარზე ქართველ ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნილება არაა. ეს იმ ჩავარდნის შედეგია, რაც ქართულ ფეხბურთში ბოლო 15 წელიწადში იყო. მაგრამ პოლონური ფეხბურთის აღმასვლა კარგად მახსოვს – ამ ქვეყანაში ზუსტად იმ დროს ვთამაშობდი, როდესაც ფეხბურთი მაღალ დონეზე აიყვანეს. ხალხი იქაც არ დადიოდა, მაგრამ ნელ-ნელა დამოკიდებულება შეიცვალეს და დღეს საშუალო ევროპული დონის ლიგა აქვთ. მეც იმის იმედი მაქვს, რომ უკეთესობა ქართულ ფეხბურთშიც დაიწყება“.

2004 წელს, „თბილისის“ დუბლშემადგენლობაში დაწყებული პროფესიული კარიერა ფოფხაძემ საბერძნეთში, პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ გააგრძელა, 2006 წლის ზაფხულში კი დანიურ „ვიბორგსში“ ჩაირიცხა. 32 წლის ფეხბურთელმა სულ რვა ქვეყნის 12 გუნდში ითამაშა – დანიის შემდეგ იყო „ზესტაფონი“, გრაცის „შტურმი“, აზერბაიჯანის „ბაქო“, პოლონეთის ბელოსტოკის „იაგელონია“, ბოლნისის „სიონი“, ალბანური „ფლამურტარი“, თბილისის „ლოკომოტივი“, გორის „დილა“, კარიერა კი ყაზახურ „ყიზილჯარაში“ დაასრულა.

საქართველოს ნაკრების ფორმა კი თორმეტჯერ მოირგო. 2008 წელს დანიური კლუბის, „ოლბორგის“ გულშემატკივრებმა წლის ფეხბურთელად აღიარეს.