საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი - ტელევიზიებთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი - ტელევიზიებთან თანამშრომლობას აღარ ვაპირებ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწრთნელი, იოჰან ბოსკამპი ბოლო წლებში ნიდერლანდებში სატელევიზიო გადაცემებში საფეხბურთო ანალიტიკოსად და მატჩების კომენტატორად მუშაობდა, მაგრამ საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, 75 წლის სპეციალისტი საქმიანობაზე უარს აცხადებს – ამის შესახებ ბოსკამპმა ბელგიურ გაზეთ Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სეზონის შემდეგ ტელევიზიაში მუშაობას აღარ ვგეგმავ. ეს სამუშაო კი მომწონს, მაგრამ შორ მანძილზე ავტომობილით გადაადგილება მიჭირს. შემომთავაზეს, რომ მძღოლს დამინიშნავდნენ, მაგრამ აღარ მინდა. ასე მგონია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემი წაყვანილი ბოლო მატჩი იქნება“, – განმარტა იოჰან ბოსკამპმა.

„ფეიენორდის“, „მოლენბეკისა“ და „ლიერსის“ ყოფილი მცველი კარიერის შემდეგ მწვრთნელი გახდა. მუშაობდა „ლიერსში“, „ბევერენში“, „კორტრაიკში“, „ანდერლეხტში“, „გენტში“, თბილისის „დინამოში“, საქართველოს ნაკრებში, „გენკში“, „სტოკ სიტიში“, ლიეჟის „სტანდარტში“, „დენდერში“.

იოჰან ბოსკამპი თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი 1999 წელს გახდა, მალე კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაიბარა, სადაც ბევრი ნიჭიერი მოთამაშე დააწინაურა. თუმცა, საქართველო მალე დატოვა.