საქართველოს ნაკრების წევრები გულშემატკივრებს მიმართავენ - შვეიცარიასთან თქვენი თანადგომა ძალას შეგვმატებს
საქართველოს ნაკრების წევრები გულშემატკივრებს მიმართავენ - შვეიცარიასთან თქვენი თანადგომა ძალას შეგვმატებს

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა.

მომავალ შეხვედრაზე კომენტარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს.

ოთარ კიტეიშვილი: „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. შვეიცარიის ნაკრები ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და რთულ თამაშს ველით. ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე დაგვაკლდება, რაც დიდი დანაკლისია, თუმცა გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც მისი შეცვლა შეუძლიათ. გულშემატკივარს ვთხოვთ, რომ მხარი დაგვიჭირონ, რადგან ეს დამატებით ენერგიას გვმატებს“.

ვაკო გვილია: „შვეიცარია ძალიან ძლიერი გუნდია და ევროპაში დომინირებს, ადვილი თამაში ნამდვილად არ გველის, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ერთა ლიგაზე გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა, თუმცა ეს უკვე ისტორიაა. ახლა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში წარმატებულ გამოსვლაზე უნდა ვიფიქროთ, საამისოდ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

ოთარ კაკაბაძე: „ტრავმის სამკურნალოდ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, მაგრამ დღეს აქ ვარ და ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრების დასახმარებლად 100 პროცენტით ვარ მზად. რა თქმა უნდა, ერთა ლიგის ჯგუფში შვეიცარიის დონის ნაკრები არ გვყოლია, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და მათთან თანაბრად ბრძოლა შეგვიძლია. დანაკლისი გვაქვს, თუმცა იმედია, ამას ქართველი გულშემატკივარი შეავსებს და წარმატების მისაღწევად ძალას შეგვმატებს“.