საქართველოს ნაკრების შეკრება | ილიას ზუროსი - დასაფასებელია ნაკრების კალათბურთელების მონდომება [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების შეკრება | ილიას ზუროსი - დასაფასებელია ნაკრების კალათბურთელების მონდომება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში შეიკრიბა და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში, რომელიც კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ამასწინათ მართვის უფლებით გადაეცა, 3 კვირის განმავლობაში მოემზადება.

ეროვნულ გუნდს უახლოესი ოფიციალური მატჩები ნოემბერში ელის, თუმცა ნაკრების ხელმძღვანელობისა და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, გენერალური შეკრება სეზონთშორის პერიოდში დაიგეგმა. ამის უპირველესი მიზეზი ეროვნული გუნდის წევრთა ფორმაში შესვლა, მათი ერთმანეთთან კიდევ უფრო შეთამაშება და, რა თქმა უნდა, ახალი კანდიდატების შერჩევაა.

ჯანმრთელობისა და სხვა რიგი მიზეზების გამო ეროვნულ გუნდში რამდენიმე კალათბურთელი, ძირითადად აშშ-ის გუნდებში მოთამაშეები ვერ ჩამოვიდნენ, თუმცა ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისშია და ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით ემზადება. ვარჯიშების დაწყების წინ ნაკრების მოთამაშეებმა, მწვრთნელებმა და გუნდის ყველა წევრმა კოვიდ 19-ზე PCR ტესტები გაიკეთეს. ვერის ბაღის დარბაზში რეგულაციების სრული დაცვით ყველა პირობაა საიმისოდ შექმნილი, რომ ეროვნული ნაკრების კალათბურთელები უსაფრთხოდ მოემზადონ.

ილიას ზუროსი ასისტენტებთან – მილოშ გლიგორიევიჩთან, მანუჩარ მარკოიშვილთან, ანატოლი ბოისასთან და ფიზმომზადების მწვრთნელ ირაკლი შიოშვილთან ერთად ნაკრების წევრებს დღეში ორჯერადად ავარჯიშებს საიმისოდ, რომ სეზონის დასრულებისა და დასვენების შემდეგ თითოეულმა მათგანმა ფორმა აღიდგინოს.