საქართველოს ნაკრების მეტოქე | უკრაინის ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელი 20 მაისს დასახელდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მეტოქე | უკრაინის ეროვნული გუნდის ახალი მწვრთნელი 20 მაისს დასახელდება #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, უკრაინის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა 20 მაისს გახდება ცნობილი, – ინფორმაციას RBC-Ukraine-ი ავრცელებს.

სერგეი რებროვის წასვლის შემდეგ უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატებად მირონ მარკევიჩი და ანდრეა მალდერა განიხილებიან. ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა „იუთუბის“ არხ Football Divan-თან დაადასტურა, რომ მზად არის, შეთავაზების შემთხვევაში ეროვნულ გუნდში დაბრუნდეს.

უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ, იოჟეფ საბომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე საუკეთესო კანდიდატად სწორედ მარკევიჩი დაასახელა. მიუხედავად ამისა, UA-Football-ის ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია უცხოელი სპეციალისტის მიწვევის ვარიანტსაც განიხილავს. კანდიდატებს შორის არიან იგორ იოვიჩევიჩი და ანდრეა მალდერა, რომელიც ასოციაციის პრეზიდენტის, ანდრი შევჩენკოს ფავორიტად მიიჩნევა.

იტალიელი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი „მარსელი“ იყო, სადაც ის რობერტო დე ძერბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, თუმცა კლუბი თებერვალში დატოვა. მისი სახელი უკრაინული ფეხბურთისთვის უცხო არ არის – 2016-2021 წლებში იგი ეროვნულ ნაკრებში ანდრი შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

თუ უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მთავარ მწვრთნელად მალდერას დანიშნავს, ეს უცხოელი სპეციალისტის მიწვევის პირველი შემთხვევა იქნება. ცნობილი ჟურნალისტი და კომენტატორი ვიქტორ ვაცკო კი ვარაუდობს, რომ გუნდს სწორედ იტალიელი უხელმძღვანელებს, რადგან კარგად იცნობს ნაკრების სისტემას, ბევრ ფეხბურთელს და გუნდის შიდა სტრუქტურას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას მიმდინარე წელს ორჯერ შეხვდება – პირველი მატჩი 28 სექტემბერს შედგება, ხოლო მეორე – 17 ნოემბერს.