საქართველოს ნაკრების მეტოქე | სომხური გამოცემა ახალ მწვრთნელზე - გადაჭარბებული იმედიც არ უნდა გვქონდეს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები 20 და 23 მარტს სომხეთს ერთა ლიგის პლეი ოფის ორრაუნდიან შეხვედრებში დაუპირისპირდება და ცნობილი გახდება, ვინ დარჩება ერთა ლიგის B დივიზიონში და ვინ ითამაშებს C დივიზიონში.
სომხეთის ნაკრების ახალი მწვრთნელის, ჯონ ვან’ტ სხიპისა და ეროვნული ნაკრების შესახებ არსებულ მოლოდინებზე გამოცემა „სპორტარანმა“ წერილი გამოაქვეყნა.
„ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის (0:2) შემდეგ ალექსანდრე პეტრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ საფეხბურთო საზოგადოებას დიდი ხანი აინტერესებდა, ვინ უხელმძღვანელებდა ეროვნულ გუნდს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი მხოლოდ 17 თებერვალს გამოაცხადა მისი შემცვლელი – ნიდერლანდელი სპეციალისტი ჯონ ვან’ტ სხიპი.
„აიაქსისა“ და „ჯენოას“ ყოფილი ნახევარმცველი მუშაობდა „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად, „ზვოლეში“ და ასევე ხელმძღვანელობდა საბერძნეთის ეროვნულ გუნდს (2019-2021). მიუხედავად იმისა, რომ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, მისმა გუნდებმა ორგანიზებული ფეხბურთის დემონსტრირება შეძლეს.
ჯონ ვან’ტ სხიპის მიერ გამოყენებული ძირითადი სქემებია 4-3-3 (ორი საყრდენი ნახევარმცველით), 4-2-3-1 და 5-2-3. ახალ მწვრთნელს გადაჭარბებულ იმედებს ვერ დავუკავშირებთ, მაგრამ ახალი ტაქტიკური იდეები და კომპეტენტური მუშაობა გუნდს წინსვლაში დაეხმარება“, – წერს „სპორტარანი“.