საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთის ნაკრები იქნება #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ციურიხში გასული წლის 13 დეკემბერს გაიმართა. საქართველოს ნაკრები ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც ერთ-ერთი მეტოქე ერთა ლიგის პლეი ოფში ესპანეთისა და ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული უნდა ყოფილიყო.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა 20 მარტს ნიდერლანდებში 2:2 დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩი ესპანეთში – 3:3. გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა, რომელიც უკეთ ესპანელებმა შეასრულეს და ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევ E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში ითამაშებენ.
ჩვენი ჯგუფის მონაწილეებისთვის საკვალიფიკაციო ეტაპი 2025 წლის სექტემბერში დაიწყება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, ტურნირს სამი ქვეყანა – აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.