საქართველოს ნაკრების მეკარე ზაურ მახარაძე „ზორიაში“ ჩაირიცხა
საქართველოს ნაკრების მეკარე ზაურ მახარაძე „ზორიაში“ ჩაირიცხა

ზაურ მახარაძე ლუგანსკის „ზორიას“ მეკარე გახდა. ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ევროპის ლიგაზე გასულ ლუგანსკის გუნდთან მახარაძემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახლახან გახსნილ სატრანსფერო პერიოდში პირველი ქართველი არაა, რომელიც „ზორიაში“ ჩაირიცხა – მანამდე ლუგანსკელებმა ჩერნიგოვის „დესნას“ შემტევი ნახევარმცველი ლევან არველაძე გადაიბირეს, რომელმაც მაისის დასაწყისში „ზორიას“ თავისი მომავალი 2,5 წლით დაუკავშირა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაბადებულ მახარაძეს საქართველოს პასპორტი 24 მაისს გადასცეს. აქამდე 25 წლის მეკარე დონეცკის „ოლიმპიკის“ კაპიტანი გახლდათ და 2009-2014 წლებში უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. 2017 წელს კი უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეების სამეულში დაასახელეს.

მახარაძე ამჟამად, საქართველოს ნაკრებთან ერთად, მალტასთან (1-ელ ივნისს) და ლუქსემბურგთან (5 ივნისს) დაგეგმილი მატჩებისთვის ემზადება.