საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ერთა ლიგაზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კაპიტანი - ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ერთა ლიგაზე #1TVSPORT

გურამ კაშიამ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ისაუბრა – საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი თბილისშია და მარტის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

„თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ და ვიოცნებოთ, რომ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელი ადგილი დავიკავოთ.

გვექნება ამბიცია, დანარჩენი კი სათამაშო ხარისხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, ჩვენს მომზადებაზეა დამოკიდებული. ჯანმრთელად თუ ვიქნებით, გვაქვს შანსი, რომ ჯგუფში ჩვენი სათქმელი ვთქვათ.

ყოველთვის ვამბობ, რომ ნაკრები ჩემი საყვარელი ადგილია. მით უმეტეს, ისეთ ნაკრებში ყოფნა, სადაც ძალიან ბევრი წარმატებაა, ბევრი შრომა იდება და მიზანდასახული გუნდია. საამაყოა, იყო ასეთი გუნდის წევრი და კაპიტანი“, – ამბობს გურამ კაშია.

საქართველოს ეროვნული გუნდი მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს, ხოლო 28 მარტს კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება, სადაც გუნდი 24 მარტს გაემგზავრება და მზადებას ადგილზე განაგრძობს.

საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.