საქართველოს ნაკრების გამო, ანანიძე კვიპროსში 24-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე „სპარტაკში"
საქართველოს ნაკრების გამო, ანანიძე კვიპროსში 24-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე „სპარტაკში"

კვიპროსულმა გამოცემა „ფილნიუსმა“ ჯანო ანანიძეზე წერილი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებს, ვიდრე თავის ყოფილ კლუბში.

„ქართველმა ნახევარმცველმა გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და თვეში 7000 ევრო გამოიმუშავებს. ის თემურ ქეცბაიამ დაარწმუნა, რომ კვიპროსში ჩასულიყო“, – წერს გამოცემა.

მოსკოვის „სპარტაკში“ ჯანო ანანიძეს შეუდარებლად დიდი ანაზღაურება ჰქონდა. რუსული მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი თვეში 167 ათას ევროს, წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ევროს. შესაბამისად, კვიპროსში ანანიძე თითქმის 24-ჯერ (23,85-ჯერ) ნაკლებ ხელფასს დათანხმდა.

ამასთან დაკავშირებით ანანიძის პოზიცია ცნობილია – 27 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტის გაფორმებისთანავე განაცხადა, რომ გაცილებით ნაკლებ ხელფასს იმიტომ დათანხმდა, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა და საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსთან ეთამაშა.