საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ - კავკასიური დერბი, დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე
საქართველოს ნაკრები სომხეთის წინააღმდეგ - კავკასიური დერბი, დღეს, 21:00 საათზე, საქართველოს პირველ არხზე

მატჩის ხილვა შეგიძლიათ ბმულზე: https://player.1tv.ge/

კავკასიური დერბი „დინამო-არენაზე“ – გუნებაწამხდრების „მიმინო“

15 ნოემბერს, ერთა ლიგის C2 ჯგუფის მე-5 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო-არენაზე“ სომხეთს უმასპინძლებს – ეს კავკასიის ყველაზე ცხელი და საინტერესო დერბია, რომელსაც მაყურებელი არასოდეს აკლდება.

ესპანეთში პრინციპული მეტოქეების თამაშს „ელ კლასიკო“ შეარქვეს, ზოგიერთ ქვეყანაში – ისტორიული დერბი, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების დაპირისპირება კი „მიმინოდ“ მონათლეს, – გიორგი დანელიას ცნობილი ფილმიდან გამომდინარე. მსოფლიოში არც ერთი პრინციპული დაპირისპირება მსგავსი ფორმით არ მონათლულა.

წლევანდელ შეხვედრას მძიმე ფონი უძღვის წინ, რადგან ორივე ნაკრების წევრებმა ამ მატჩამდე პერიოდი გამოიარეს.

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩამდე ბოლო ვარჯიში 14 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა.

საწვრთნელ პროცესში 27 ფეხბურთელი მონაწილეობდა. უკვე ცნობილია, რომ სომხეთთან შეხვედრას, ყვითელი ბარათების გამო, მურთაზ დაუშვილი და გიორგი ქვილითაია გამოტოვებენ. ამასთანავე, ქართველ თავდამსხმელს მცირე ტრავმაც აწუხებს. გარდა ამისა, ჩვენს გუნდს ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია რომ ვერ დაეხმარება, ეს უკვე ყველასთვის ცნობილია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), საბა კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე – ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი)

სულ რაღაც სამი დღის წინ საქართველო ისტორიული სიხარულის მოლოდინში იყო – ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უნიკალური შანსი ჰქონდა, მაგრამ დამარცხდა. მოახერხეს თუ არა ეროვნული ნაკრების წევრებმა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა, ეს დღეს საღამოს გამოჩნდება.

მხითარიანი მინუს კიდევ ორი

სომხეთის ეროვნული გუნდი საქართველოში დიდი დანაკლისით გვესტუმრა. გუნდს კაპიტანი და ლიდერი, „რომას“ ნახევარმცველი ჰერნიხ მხითარიანი ვერ დაეხმარება, რადგან იტალიურ კლუბში დაწესებული კარანტინის გამო გამომგზავრება ვერ მოახერხა.

გარდა ამისა, COVID-19-ზე ტესტირების შემდეგ დადებითი პასუხის გამო, თბილისში ვერ ჩამოვიდნენ ხოაკინ კაპაროსის გუნდის ფლანგის ორი შემტევი ნახევარმცველი – ედგარ ბაბაიანი (ჰობრო, დანია) და აღვან პაპიკიანი (არარატ-არმენია).

სომხეთის ნაკრებს საქართველოს მსგავსი მტკივნეული საფეხბურთო მარცხი არ განუცდია, მაგრამ უფრო მტკივნეულია ჩვენი მეტოქისთვის ყარაბაღში დატრიალებული მოვლენები და ბუნებრივია, ეს დიდი საერთო ეროვნული ტკივილი მის ყველა მოქალაქეს გადაეცემა, მათ შორის, ცხადია, ფეხბურთელებსაც. რა თქმა უნდა, მსგავსი ამბები ნებისმიერი ქვეყნის ნაკრების წევრებზე გავლენას ახდენს.

სომხეთის ნაკრები საქართველოში შემდეგი შემადგენლობით გვესტუმრა:

მეკარეები: დევიდ იურჩენკო (შახტარი, ყარაგანდა, ყაზახეთი), გრიგორ მელიქსეტიანი (განძასარ-კაპანი), ვარდან შაჰათუნი (არარატ-არმენია)

მცველები: ოვანეს ამბარცუმიანი (ანორთოსისი, კვიპროსი), კამო ოვანისიანი (კაირატი, ყაზახეთი), არმან ოვანისიანი (ტობოლი, ყაზახეთი), ვარაზდატ აროიანი (ტამბოვი, რუსეთი), ანდრე ჩალიჩერი (გიოტებორგი, შვედეთი), ტარონ ვოსკანიანი (ალაშკერტი), სერობ გრიგორიანი (პიუნიკი), ჰაიკ იშხანიანი (განძასარ-კაპანი), ანდრანიკ ვოსკანიანი (ვანი)

ნახევარმცველები: გეორგ გაზარიანი (აელი, ლიმასოლი, კვიპროსი), არშაკ კორიანი (ხიმკი, რუსეთი), ვაჰან ბიჩახჩიანი (ჟილინა, სლოვაკეთი), არტაკ გრიგორიანი (ალაშკერტი), ანგულო ვბეიმარი (განძასარ-კაპანი), აკობ აკოპიანი (ურარტუ), სოლომონ უდო (არარატი), კარენ მურადიანი (არარატი)

თავდამსხმელები: ალექსანდრე კარაპეტიანი (ტამბოვი, რუსეთი), სარგის ადამიანი (ჰოფენჰაიმი, გერმანია), ტიგრან ბარსეგიანი (ასტანა, ყაზახეთი)

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე საქართველოს და სომხეთის ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ ტიხში, 11 ოქტომბერს გამართეს და 2:2 დაასრულეს.

საქართველოს ნაკრები, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, ერთა ლიგის C2 ჯგუფში 6-6 ქულით ლიდერია და დარჩენილი ორივე შეხვედრის (სომხეთის შემდეგ, ესტონეთთან) მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასვლის შანსი აქვს. ეს კი, რანგით მაღალ, B დივიზიონში დაწინაურების საშუალებას მოგვცემს.

საქართველო-სომხეთის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. 15 ნოემბრის მატჩი 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.