საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს გერმანიასთან მატჩით იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს გერმანიასთან მატჩით იწყებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი პირველად ეძლევა. ახალი ფორმატის მიხედვით, ჩვენი ეროვნული გუნდი, საკვალიფიკაციო ეტაპს დღეს იწყებს. პირველი მეტოქე, გერმანიის ნაკრები იქნება. თამაში ქალაქ ქემნიცში გაიმართება.

ილიას ზუროსის გუნდი გერმანიაში საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემებით ჩავიდა: ტრავმების გამო, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და ილია ლონდარიძე ვერ ითამაშებენ. „ფიბასა“ და „ევროლიგას“ შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, საქართველოს ნაკრებს, „ევროლიგაში“ მოთამაშე ორი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც ვერ დაეხმარება.

ამის ფონზე, დღევანდელი მატჩის აშკარა ფავორიტად, სპეციალისტების და ბუკმეკერების აზრით, გერმანიის ნაკრები მიიჩნევა.

საქართველო და გერმანია გასულ „ევრობასკეტზეც“ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ გამარჯვება გერმანიამ მოიპოვა: 67-57.

მოახლოვებულ შეხვედრებში, ჩვენს გუნდში ძირითადი დატვირთვა, სავარუდოდ, მანუჩარ მარკოიშვილზე, მაიკლ დიქსონზე და გოგა ბითაძეზე იქნება, რომლებიც თავიანთ კლუბებში საკმაოდ კარგ სეზონებს ატარებენ. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ნაკრებში დაბრუნდა გამოცდილი ნიკოლოზ ცქიტიშვილიც.

ზემოთ ჩამოთვლილი კალათბურთელების გარდა, ამ ფორმაციის ნაკრებში დანარჩენი მოთამაშეები საქართველოს „სუპერლიგას“ წარმოადგენენ.

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. გერმანიიდან საქართველოს ეროვნული გუნდი ბელგრადში გაემგზავრება, სადაც 27 ნოემბერს, საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ორივე თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.