საქართველოს ნაკრები მეორე საკონტროლო მატჩს ლიეტუვასთან გამართავს - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 1 აგვისტოს მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ლიეტუვა იქნება. მატჩი კაუნასში, „ჟალგირისის“ არენაზე გაიმართება და 20:20 საათზე პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 

პირველ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ეგვიპტესთან 76:81 დამარცხდა. თუმცა როგორც ჩვენი გუნდის მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა აღნიშნა მისთვის მთავარი არა შედეგი, არამედ ახალგაზრდების საქმეში გამოცდა იყო. ამიტომაც ათამაშა ბოლო წუთებზე დებიუტანტები.

თუმცა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ლიეტუვასთან დღევანდელ მატჩში, გადამწყვეტ მომენტში მოედანზე საბრძოლო შემადგენლობა იქნება და ილიას ზუროსი კიდევ ერთხელ ეცდება „მწვანეების“ დამარცხებას. საინტერესოა, რომ ბერძენი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ლიეტუვას ორჯერ დაუპირისპირდა და ორჯერვე დაამარცხა – პირვერლად 2017 წელს, კლაიპედაში, ამხანაგურ ტურნირზე, მეორედ იმავე წელს ევრობასკეტის გახსნით მატჩში.

მანამდე „ჯვაროსნებმა“ ბალტიისპირეთის ამ გუნდთან ხუთჯერ ითამაშა და ხუთჯერვე დამარცხდა. ყველაზე მწარე 2015 წლის ევრობასკეტზე წაგება იყო. 1/8-ფინალური მატჩი საქართველომ დამაჯერებლად ჩაატარა და ბოლო წუთებამდე იგებდა, თუმცა მაციულისის სამქულიანებმა მეოთხედფინალში ლიეტუვა გაიყვანა…

შეგახსენებთ, ისევე როგორც საქართველოს ნაკრები, ლიეტუვაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. მუნდიალზე მისი მეტოქეები იქნებიან მონტენეგრო, მექსიკა, ეგვიპტე.

საქართველო კი F ჯგუფში სლოვენიასთან, კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან ითამაშებს.

მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება, „ჯვაროსნები“ პირველ მატჩს 26 აგვისტოს კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავენ.

ურთიერთშეხვედრები

ამხანაგური მატჩი

27.08.2011, ვილნიუსი

ლიეტუვა-საქართველო 88:80

26:19, 16:21, 25:23, 22:17

საქართველო: ფაჩულია (19ქ), სანიკიძე (16ქ), შენგელია (15ქ), ჰეინსი (8ქ), მარკოიშვილი (7ქ), ცქიტიშვილი (7ქ), ცინცაძე (5ქ), ბოისა (3ქ)

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)

 

ამხანაგური მატჩი

01.09. 2013, კაუნასი

ლიეტუვა-საქართველო 88:83 (დდ, 77:77)

საქართველო: ცინცაძე (7ქ), შერმადინი (21ქ), ჰიკმანი (6ქ), მარკოიშვილი (18ქ), ფაცაცია, სანიკიძე (28ქ), სანაძე, ცქიტიშვილი (3ქ), ბურჯანაძე, ლეჟავა, ფხაკაძე.

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)

 

ამხანაგური მატჩი

28.07.2014, პანევეჟისი

ლიეტუვა-საქართველო 82:51

21:9, 25:22, 12:12, 24:8

საქართველო: ცინცაძე (8ქ, 3პ), ფაცაცია (8ქ), ლეჟავა (4ქ), შენგელია (13ქ, 6მ, 4დ), ფაჩულია (9ქ, 7მ, 5პ), მეტრეველი (3ქ), ფხაკაძე (1ქ), სანაძე (3ქ), ბურჯანაძე (2ქ), ბერიშვილი, წივწივაძე.

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)

 

ამხანაგური მატჩი

30.07.2014, ვილნიუსი

ლიეტუვა-საქართველო 81:54

18:14, 15:12, 29:15, 19:13

საქართველო: ცინცაძე (32წთ, 6ქ), სანიკიძე (31წთ, 5ქ, 5მ), ფაცაცია (25წთ, 3ქ), ლეჟავა (21წთ, 5ქ), შენგელია (21წთ, 7ქ), ფაჩულია (32წთ, 18ქ, 14მ, 3პ), მეტრეველი (2წთ), ფხაკაძე (7წთ, 3ქ), სანაძე (1წთ), ბურჯანაძე (25წთ, 7ქ, 6მ), ბერიშვილი (8წთ), წივწივაძე (1წთ)

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)

ევრობასკეტი 2015

1/8-ფინალი

13.09.2015, ლილი (საფრანგეთი)

საქართველო-ლიეტუვა 81:85

20:17, 20:22, 22:22, 19:24

საქართველო: ფაჩულია (23 ქ, 7 მ, 3 პ), სანიკიძე (14 ქ, 7 მ), პულენი (12 ქ), შენგელია (10 ქ), ცინცაძე (10 ქ), სანაძე (6 ქ), მარკოიშვილი (6 ქ).

ლიტვა: მაჩიულისი (34 ქ), იანკუნასი (17 ქ), კალნიეტისი (11 ქ), სეიბუტისი (7 ქ), მილანკნისი (6 ქ), ვალანჩუნასი (5 ქ), კუზმინსკასი (3 ქ), იავტოკასი (2 ქ).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერბეთი)

 

ამხანაგური მატჩი

05.08.2017, კლაიპედა

ლიეტუვა-საქართველო 70:81

საქართველო: დიქსონი (12ქ), გამყრელიძე, ბოისა, ცინცაძე (10ქ), შერმადინი (17ქ), სანაძე (10ქ), მარკოიშვილი (13ქ), შენგელია (19ქ), ბითაძე, ლონდარიძე.

მწვრთნელი: ილიას ზუროსი (საბერძნეთი)

 

ევრობასკეტი 2017

B ჯგუფი

31.08.2017, თელ ავივი (ისრაელი)

საქართველო-ლიეტუვა 79:77

საქართველო: დიქსონი (12ქ), გამყრელიძე, ბოისა, ფაჩულია (8ქ), ცინცაძე (2ქ), შერმადინი (9ქ), სანაძე (13ქ), მარკოიშვილი (6ქ), ბერიშვილი, შენგელია (29ქ), ლონდარიძე.

მწვრთნელი: ილიას ზუროსი (საბერძნეთი)