საქართველოს ნაკრები ხაენში ესპანეთთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა და ხაენში ესპანეთთან 89:61 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მოგების შემდეგ ესპანეთში თორნიკე შენგელიასთან ერთად გაემგზავრა. თუმცა ხაენში მუხლის გაშუქების შემდეგ ექიმებმა თოკოს თამაშის უფლება არ მისცეს.

ეს, ერთი მხრივ, ქართველთათვის ფსიქოლოგიური დარტყმა იყო, მეორეს მხრივ ესპანელთა მწვრთნელს გაუიოლა ტაქტიკურად გადაწყობა. საქართველოს ნაკრებში ხომ მხოლოდ სამი ისეთი კალათბურთელი დარჩა, რომლებისგანაც ესპანელები დიდ ხიფათს მოელოდნენ – ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი.

დანარჩენებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ შეტევაში არავის არაფერი გამოუვიდა – სამი პერიოდის განმავლობაში მაკფადენი-შენგელია-ბურჯანაძის გარდა მხოლოდ 4 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული.

ესპანელებმა მეტად ხისტი დაცვით მაკფადენს პერიმეტრი შეუზღუდეს და ჩვენი მწვრთნელი, ილიას ზუროსი იძულებული გახდა სათადარიგოებში მოეძებნა ბურთის გადმომტანი, რომ თადისთვის ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ზუროსმა სასტარტოში 21 წლის ლუკა მაზიაშვილი დააყენა, შემდეგ ერთმანეთის მიხედვით შემოიყვანა გივი ბაქრაძე და ოთარ ფხაკაძე.

საინტერესოა, რომ საწყის 15 წუთში საქართველოს ნაკრების განაცხადში მყოფმა თერთმეტივე კალათბურთელმა ითამაშა. ეს „კარგი ცხოვრებით“ არ იყო განპირობებული – ზუროსი ეძებდა კალათბურთელს, რომელიც ზემოთნახსენებ ტრიოს, პირველ რიგში, შეტევაში შეეშველებოდა.

რომ ვერ იპოვა, ეს მატჩის შედეგიდანაც ჩანს.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს თითო მოგება-წაგება აქვს. პარალელურად გამართულ მატჩში უკრაინის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 78:61 დაამარცხა.


ესპანეთი-საქართველო 89:61


23:15, 24:16, 17:10, 25:20

საქართველო: მაკფადენი(14ქ), მაზიაშვილი, ბურჯანაძე (14ქ), ფევაძე, შერმადინი (21ქ, 9მ), ჯინჭარაძე (8ქ), ფხაკაძე (2ქ), ტურძილაძე (2ქ), ბერიშვილი, ბაქრაძე, კორსანტია.

ესპანეთი: პაული (9ქ), პრადილა (4ქ), ლიპეს-აროსტეგუი (14ქ), ფერნანდესი (13ქ), ბრისუელა (8ქ), დიასი (4ქ), კოლომი (6ქ, 6პ), დიეზი (8ქ), სიმა (10ქ, 8მ), გერა (8ქ, 7მ), პარა (3ქ), პერესი (2ქ).