საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის ბოლო მატჩებისთვის თბილისში ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის შესარჩევის ბოლო მატჩებისთვის თბილისში ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები თბილისშია და ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი გუნდი 9 აპრილს საკუთარ მოედანზე საფრანგეთს უმასპინძლებს, 12 აპრილს კი, სტუმრად რუსეთს დაუპირისპირდება.

ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა აღნიშნული მატჩებისთვის 20 მოთამაშე გამოიძახა. საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ნიკოლოზ კურტანიძე და სიმი საიოტი ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ალექსანდრე ჯამბურია, ბექა ტყემალაძე ორივე – (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)

წინა ხაზი: თემურ ეკიზაშვილი, შოთა თოფურია, ჯანიკო გიორგაია, ვახტანგ ჯვარაშვილი (ყველა – თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), ვახტანგ კეკელია (ნურსულთან, ყაზახეთი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაშ-ლიდა, ბელარუსი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)

საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.

ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს კი აქვს რეალური შანსი, ექვს საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდეს და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს.

საქართველოსა და საფრანგეთის ფუტსალის ნაკრებთა დაპირისპირება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.