საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი: ვამაყობ ჩემი გუნდით, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრები 38:11 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა აღნიშნა, რომ, რთული თამაშის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა მოახერხა მეტოქის დამარცხება და ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა:

“პორტუგალიის ნაკრებთან მძიმე და რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც შეძლო ამ რთული მატჩის მოგება.

პირველ ტაიმში პორტუგალია კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში თამაში დავალაგეთ, უკეთესად ავთამაშდით, ნაკლებ შეცდომას ვუშვებდით, რამაც საბოლოოდ ის შედეგი მოიტანა, რომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენეთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მოუგო გერმანიას (75:12), ნიდერლანდებს (40:8), ესპანეთს (41:3), ნახევარფინალში დაამარცხა რუმინეთი (31:7), ფინალში კი სძლია პორტუგალიას (38:11) და რაგბი ევროპის გამარჯვებული გახდა.