საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებაა - გუნდს ტრავმის გამო მირიან მოდებაძე გამოაკლდა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ცვლილებაა - გუნდს ტრავმის გამო მირიან მოდებაძე გამოაკლდა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 5 მარტს, 16:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს შეხვდება. ამ მატჩისთვის „ბორჯღალოსნები“ „შევარდენის“ ბაზაზე ემზადებიან.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია – ტრავმა გაუმიზეზდა მირიან მოდებაძეს. მწვრთნელმა მის ნაცვლად შეკრებაზე 18-წლამდელთა ნაკრების მორაგბეს, ლუკა ხორბალაძეს უხმო.

„როგორც ჩანს, მირიანმა კლუბში მცირე ტრავმით ითამაშა და გაუმიზეზდა. სავარაუდოდ, ოთხიდან ექვს კვირამდე გაუცდება, არადა, ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. რაც შეეხება ლუკა ხორბალაძეს, მან 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ბრწყინვალედ ჩაატარა და მას შემდეგ ვაკვირდებით. ფანტასტიკური მონაცემები აქვს, შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს, კარშიც კარგად ურტყამს. ხორბალაძე საინტერესო მოთამაშეა და ვფიქრობ, საკმაოდ დიდი მომავალი აქვს“, – განაცხადა „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა.

მაისაშვილმა ბექა გორგაძის რეაბილიტაციის პროცესზეც ისაუბრა:

„ბექა გორგაძე კლუბში განაგრძობს რეაბილიტაციას, თუმცა ჯერ გამოჯანმრთელებული არ არის და, შესაბამისად, რუმინეთთან ვერ ითამაშებს. დიდი ალბათობით, 19 მარტისთვის მწყობრში იქნება“.