საქართველოს მოქალაქეა, ნიჭიერია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება - იაშვილმა საზონოვზე ისაუბრა #1TVSPORT
საქართველოს მოქალაქეა, ნიჭიერია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება - იაშვილმა საზონოვზე ისაუბრა #1TVSPORT

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატებაზე.

20 წლის ფეხბურთელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებას, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ შეუერთდა. საბა საქართველოშია და ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ემზადება სექტემბერში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის.

„ეროვნულ გუნდებში მიმდინარე სელექციის შესახებ აზრი, არაერთხელ დავაფიქსირეთ. ჩვენი პოზიცია და საერთო შეხედულებები უცვლელია. ამასთანავე, ვთლით, რომ ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს სანაკრებო სისტემაში ყოველთვის უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და საბოლოოდ, მათი პროფესიული წინსვლა შემდეგ გამოადგეს ეროვნულ გუნდებს და მთლიანად ქართულ ფეხბურთს.

საბა საზონოვს, სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიდი ხანია ვაკვირდებით, ადრეც გვქონდა მასთან და მის ოჯახთან კავშირი. საბას დედა ქართველია და თვითონ მოთამაშეც საქართველოს მოქალაქე გახლავთ. გვიხარია, რომ საბამ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. ის ნამდვილად ნიჭიერი მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალა იქნება. ახლა უკვე ველით საწვრთნელი პროცესის დაწყებას და 21-წლამდელების იმ მნიშვნელოვან მატჩებს, რომლებიც პორტუგალიაში და თურქეთში გველოდება”, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, სექტემბრის სანაკრებო პაუზის პერიოდში, 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. რამაზ სვანაძის გუნდი 24 სექტემბერს, ქალაქ კუვლიანში პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქაზიმფაშას სტადიონზე თურქეთს შეხვდება.